სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მორფოლოგიურ დიაგნოსტიკას, რომელშიც ბიოფსიური მეთოდები სარძევე ჯირკვლის დაავადებების, განსაკუთრებით კი სიმსივნური წარმონაქმნების, დიაგნოსტირების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება.
ბიოფსიის არსი
სარძევე ჯირკვლის ბიოფსია წარმოადგენს მცირე ინვაზიურ ქირურგიულ პროცედურას, რომლის მიზანია საეჭვო წარმონაქმნიდან ქსოვილოვანი ან უჯრედული მასალის აღება შემდგომი ჰისტომორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევისთვის. ბიოფსიის შედეგები გადამწყვეტია მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში და ხელს უწყობს სწორ თერაპიულ დაგეგმვას.
1. მსხვილნემსიანი ბიოფსია — Core Needle Biopsy (CNB)
COR-ბიოფსია დღესდღეობით მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საიმედო, მაღალინფორმატიულ და სტანდარტულ მეთოდად ძუძუს წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში. პროცედურა ტარდება:
ადგილობრივი ანესთეზიით
ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ
სპეციალური ავტომატიზებული ბიოფსიური აპარატით
პაციენტი განთავსებულია მწოლიარე მდგომარეობაში. კანის ზედაპირზე კეთდება 2–3 მმ ზომის მცირე განაკვეთი, საიდანაც სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხდება 3–6 ქსოვილოვანი სვეტის აღება. მასალა იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ კვლევაზე.
დამატებით: იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს ესაჭიროება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, ბიოფსიის პროცესშივე ხდება მეტალის კლიპის იმპლანტაცია სიმსივნურ არეში შემდგომი მარკირების მიზნით.
პროცედურა: ტარდება ამბულატორიულად, გრძელდება საშუალოდ 20–30 წუთი, არ ტოვებს ნაწიბურს და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
COR-ბიოფსიის დიაგნოსტიკური სიზუსტე აღწევს 98%-ს.
სპეციფიკური ფორმა:
იმ შემთხვევაში, როდესაც წარმონაქმნი ვიზუალიზირდება მხოლოდ მამოგრაფიით ან MRI-ით, ბიოფსია ტარდება სტერეოტაქტიკური მეთოდით (Stereotactic Needle Biopsy).
2. წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია — FNA (Fine Needle Aspiration)
FNA ბიოფსია ტარდება ჩვეულებრივი ნემსით, უტარდება პაციენტს ადგილობრივი ანესთეზიით და ექოსკოპიის კონტროლის პირობებში, კანის განაკვეთის გარეშე.
მისი უპირატესობაა მინიმალური ინვაზიურობა და ტექნიკური სიმარტივე, თუმცა დიაგნოსტიკური სიზუსტე და სიღრმისეული ინფორმაცია შეზღუდულია, ვინაიდან მხოლოდ ციტოლოგიური მასალა მიიღება და შეუძლებელია მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ტიპის ზუსტი დადგენა.
📌 გამოყენება:
ცისტური წარმონაქმნების კვლევა
რეგიონული ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შეფასება
3. ინციზიური ბიოფსია
ინციზიური ბიოფსია ტარდება ღია წესით, ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში. ქირურგი იღებს ქსოვილის ნიმუშს სიმსივნური კერიდან მცირე ჭრილის მეშვეობით.
📌 გამოიყენება მაშინ, როცა სხვა ტიპის ბიოფსია ნაკლებად ინფორმატიულია ან სიმსივნე კანში ინვაზიურია.
მიუხედავად ინფორმატიულობისა, ინციზიური ბიოფსია არ წარმოადგენს COR-ბიოფსიის ალტერნატივას პალპირებადი ან რადიოლოგიურად აღწერილი კერების შემთხვევაში.
4.ექციზიური ბიოფსია
ექციზიური ბიოფსია — ეს არის სრულფასოვანი ქირურგიული ოპერაცია, რომლის მიზანია საეჭვო უბნის მთლიანად ამოკვეთა დიაგნოსტიკური მიზნით.
📌 ტარდება ზოგადი ანესთეზიით ან ფართო ადგილობრივი ანესთეზიით
📌 ახასიათებს მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე და არ იძლევა ცრუ დადებით პასუხებს
📌 გამოიყენება მხოლოდ შერჩევით, როცა სხვა მეთოდები არ არის ხელმისაწვდომი ან ადეკვატური